საქართველოში მოღვაწე გერმანელ მეცნიერთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა პეტერბურგელი აკადემიკოსი ჰერმან აბიხი, რომელიც აღიარებულია კავკასიის გეოლოგიის მამად.
ჰერმან ვილჰელმ აბიხი დაიბადა ბერლინში 1806 წელს ინჟინერ ვილჰელმ აბიხისა და მისი ცოლის – გამოჩენილი გერმანელი ქიმიკოსის მარტინ კლაპროტის შვილის ოჯახში. ჰერმანის ბიძა – იულიუს კლაპროტი იყო ძალიან ცნობილი მოგზაური, აღმოსავლეთმცოდნე, ეთნოგრაფი და კავკასიის ხალხთა მცოდნე, რომელმაც ჩაუნერგა თავის დისშვილს ინტერესი კავკასიისადმი, მისი ბუნებისა და ისტორიისადმი, მაშინ როცა მამამისმა შვილს გადასცა ინტერესი გეოლოგიის და სამთო საქმისადმი. აბიხი სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ისეთ დიდ ნატურალისტებთან, როგორც გეოლოგი ლეოპოლდ ფონ ბუხი, გეოლოგი და გეოგრაფი ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტი, გეოგრაფი კარკ რიტერი, ფილოსოფოსი გეორგ ჰეგელი. 30-იანი წლების ბოლოს ჰ. აბიხი ხდება დერპტის (ახლა ტარტუს) უნივერსიტეტის მინერალოგიის პროფესორი. ეს უნივერსიტეტი იყო ერთადერთი რუსეთის იმპერიაში, სადაც სტუდენტები განათლებას იღებდნენ გერმანულ ენაზე.
1844-დან 1876 წლამდე აბიხი ატარებდა გეოლოგიურ გამოკვლევებს დიდი და მცირე კავკასიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ცხოვრობდა ის მეტწილად თბილისში და მას ეკავა კავკასიის სამეფისნაცვლოს სამთო ნაწილში საგანგებო დავალებათა მთავარი ჩინოვნიკის თანამდებობა. მას ეკუთვნის განსაკუთრებული როლი საქართველოში სპილენძის, მანგანუმის, რკინის და ქვანახშირის საბადოების შესწავლაში. მან პირველმა შეისწავლა თბილისის მინერალური წყლები. აბიხის შრომებმა ჩაუყარეს საფუძველი თავის დროისათვის კავკასიის გეოგრაფიულ და გეოლოგიურ უაღრესად სრულ აღწერას. აბიხმა კავკასიის ტერიტორიაზე განათავსა მთელი ქსელი მეტეოროლოგიური სადგურებისა. იგი იყო თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი. აბიხი აღტაცებული იყო კავკასიით.
„ო, კავკასია, რა მთები, რამდენი ამაღლებული რამ იხილეს ჩემმა ცოდნისმწყურვალე თვალებმა!“ – სწერდა ის თავის მშობლებს გერმანიაში.

ჰერმან აბიხი
XIX საუკუნეში გეოფიზიკურ მეცნიერებებს ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. ამ მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტი. მისი აზრით, დედამიწის მაგნიტური ველის დაკვირვებები წინასწარ განსაზღვრულ დროს უნდა ჩატარებულიყო ერთმანეთისგან დაშორებულ ობსერვატორიებში. ამ ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო თბილისის ობსერვატორია, რომელიც 1830 წლებში დაარსდა და მისი დირექტორი იყო ადოლფ ფონ კუპფერი.

ადოლფ ფონ კუპფერი

თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია

იოჰან მილბერგი
საქართველოს მშვენიერი ბუნება იზიდავდა გერმანელ ბოტანიკოსებს. კერძოდ, თბილისის ბოტანიკური ბაღის აღორძინებაში დიდი როლი მიუძღვით გერმანელ ბოტანიკოსებს. 1861 წელს ბოტანიკური ბაღის გამგედ დაინიშნა სწავლული მებაღე-დეკორატორი ჰ. შარერი, რომელმაც ბაღში 28 წელი იმუშავა და ბევრი კარგი საქმე გააკეთა. შარერის შემდეგ გამგედ დაინიშნა ა. გინცერბერგი. 1902 წლიდან ბაღის დირექტორია ადოლფ როლოფი. მის მიერაა დაარსებული ბაღის ყველა სამეცნიერო განყოფილება და ლაბორატორია, რეგიონალური გეოგრაფიული განყოფილებები და საცდელი სადგურები ამიერკავკასიაში. მისივე ინიციატივით დაარსდა პერიოდული გამოცემები. როლოფის მოღვაწეობის პერიოდი იყო ბოტანიკური ბაღის ნამდვილი აღმავლობის ხანა. ა. როლოფი დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე.
ადოლფ როლოფის საფლავიიმავე პერიოდში ბაღში მუშაობდნენ ე. კიონიგი და გროსჰაიმი. მათ კავკასიის სხვადასხვა რეგიონებიდან შემოჰქონდათ ბაღში ცოცხალი მცენარეები ფლორისტული განყოფილების გასამდიდრებლად. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს ფლორის მკვლევარებიდან აღსანიშნავია შემდეგი გერმანელი ბოტანიკოსები: ი. გულდენშტედტი, მარშალ ბიბერშტაინი, კ. კოხი, გ. რადე, ნ. ბუში, ე. ბუში და სხვები. გერმანელმა ბოტანიკოსებმა დიდი მემკვიდრეობა დაუტოვეს საქართველოს თავიანთი გამოკვლევებით, სამეცნიერო შრომებით, მცენარეთა სარკვევებისა და ჰერბარიუმის სახით. ეს უკანასკნელი
დაცულია ნ. კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტსა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბოტანიკის განყოფილებაში.
საინტერესო და მრავალმხრივი იყო თბილისში გუსტავ რადეს მოღვაწეობა, რომელიც იყო ცნობილი ბუნებისმეტყველი, ეთნოგრაფი და, რაც მთავარია, კავკასიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი. იგი ჩამოვიდა აკადემიკოს კუპფერის რეკომენდაციით, რათა მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის თანაშემწედ ემუშავა. მან ობსერვატორიაში მხოლოდ ხუთი თვე იმუშავა და დაიწყო კავკასიის მუზეუმის გამართვა.
ამ მუზეუმის ჩამოყალიბებით კავკასიაზე მეოცნებე გუსტავ რადემ ფუძემდებლური წვლილი შეიტანა კავკასიის მუზეუმის მოწყობის უდიდეს საქმეში. Eეს იყო პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი რუსეთის იმპერიაში. თავისი შთამბეჭდავი ზომებით, თანამედროვე აღჭურვილობით, ექსპონატების სიმრავლით იგი არ ჩამოუვარდებოდა ევროპის საუკეთესო მუზეუმებს.
მილბერგის დროს პირველად გამოჩნდა ზუსტ ხელსაწყოთა მექანიკოსთა დინასტია – ვაისების დინასტია. ამ დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო ფლორენტინ ფერდინანდ ვაისი. მამა მისი ქრისტიან ფერდინანდ ვაისი ჩამოვიდა თბილისში შტუტგარტიდან ჯერ კიდევ 1860 –იან წლებში ფირმა “სიმენსთან” ერთად, სადაც ის მუშაობდა მექანიკოსად.
ფლორენტინ ფერდინანდ ვაისმა იმუშავა ობსერვატორიაში 30 წლის განმავლობაში, მისი საქმიანობა გააგრძელა მისმა შვილმა ფლორენტინ ვაისმა. მეფე პეტრე I ცნობილი ბრძანების თანახმად ზუსტი ხელსაწყოების მექანიკოსის წოდება ენიჭებოდა მხოლოდ გერმანული წარმომავლობის პირებს. ვაისების დინასტიის ყოვილი მომდევნო წევრი იღებდა განათლებას გერმანიაში, და გადიოდა პრაქტიკას ბერლინში. ფლორენტინ ფერდინანდ ვაისის სამივე ვაჟიშვილი –ფლორენტინი, არნოლდი და ბრუნო მუშაობდნენ თბილისში. ისინი იყვნენ არა მარტო ზუსტ ხელსაწყოების მიქანიკოსები, არამედ ფართო პროფილის მექანიკოსებიც. სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვთქვად, რომ ქართული გეოფიზიკური მეცნიერების მიღწევები მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა განუწყვეტელი, მრავალწლიური და ნაყოფიერი მამა შვილ ვაისების შრომაზე.
ფ.ფ. ვაისის ოჯახიც ასევე არ გადაურჩა ომის დროს საქართველოს გერმანელების მძიმე ხვედრს. მიუხედავად მისი კოლეგების მრავალი მცდელობისა, ის თავის ოჯახთან ერთად 1942 წელს იყო დეპორტირებული ყაზახეთში. მხოლოდ ომის მიწურულს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ნოკო მუსხელიშვილის შუამდგომლობით ვაისების ოჯახი დაბრუნდა თბილისში . ვაისი აღადგინეს სამსახურში.მისი შვილი ირმა ვაისი ასევე მუშაობდა გეოფიზიკის დარგში, არის მეცნიერებათა კანდიდატი. იგი არის ასოციაცია “აინუნგი”-ს წევრი.
საქართვტლოში მოღვაწე გერმანელ მეცნიერებს შორის უნდა აღვნიშნოთ გიორგი გეხტმანი (02.09.1870 – 06.09.1956). გიორგი გეხტმანი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი – გეოგრაფი, ეკონომისტი, საქართველოში ეკონომიკური – გეოგრაფიის ფუძემდებელი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ ერთი დამაარსებელი, შესანიშნავი პედაგოგი და აღმზრდელი ქართული ახალგაზრდობის მრავალი თაობისა იკავებს მნიშვნელოვან ადგილს საქართველოს მეცნიერებასა და კულტურაში.
იგი არის 1925 წელს ქართულად გამოცემული პირველი წიგნისა სათაურით “მსოფლიოს ეკონომიკური გეოგრაფია.
გიორგი გეხტმანის მამას–ნიკოლოზ გეხტმანს ჰქონდა იურიდიული განათლება და მუშაობდა სასამართლო კოლეგიის მდივნად. მას ჰქონდა მრავალმხრივ განათლებული პიროვნების რეპუტაცია. გიორგის დედა–მანანა ჯორჯაძე, იყო ცნობილი ქართველი მწერლის ბარბარე ჯორჯაძის შვილი.
ბედმა არგუნა გიორგი გეხტმანს ქართული მეცნიერების მრავალ გამოჩენილ მოღვაწესთან მეგობრობის გაბმა. ჯერ კიდევ თბილისის გიმნაზიაში სწავლისას გეხტმანი დაუმეგობრდა ივანე ჯავახიშვილს და მათი მეგობრობა გაგრძელდა დიდი ივანეს სიცოცხლის ბოლომდე. წლების განმავლობაში გეხტმანი ასწავლიდა თბილისის მეორე გიმნაზიაში, სადაც მის მოწაფეებს შორის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მომავალი პრეზიდენტი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, რომელიც ძალიან თბილად მოიხსენებდა თავის საკლასო დამრიგებელს გიორგი გეხტმანს, რომელმაც იქონია დიდი გავლენა მომავალი დიდი მათემატიკოსის მსოფლმხედველობაზე.
თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გიორგიმ გააგრძელა სწავლა პეტერბუგის უნივერსიტეტში, მაგრამ მისთვის კლიმატური პირობების არახელსაყრელობის გამო გადავიდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.
გიორგი გეხტმანს ჰყავდა ოჯახი. მათგან ყველაზე უმცროსმა იუნკერ გაბრიელ გეხტმანმა გასწირა სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბოლშევიკური რუსეთის ომთან ბოლო დღეს, 1921 წლის 25 თებერვალზე.