გერმანელი მედიკოსები

ქალაქში პრაქტიკულად ყველა აფთიაქი გერმანელების მიერ იყო დაარსებული – კოხის, ზემელის, ოტენის, ჰაინეს და სხ. თბილისში მრავალი გერმანელი ექიმი მუშაობდა. სამოქალაქო უწყებაში მრავალი წლის განმავლობაში სამედიცინო განყოფილებას ხელმძღვანელობდა ფრიდრიხ ფეხნერი. მან მოიწვია გერმანიიდან სხვადასხვა სპეციალობის ექიმები – მეანი ა. ფიშერი, ქირურგი კ. ფონ შტელი, ქალური სნეულებანი – ო. შენგლერი, შინაგანი სნეულებანი და ვენერიული დაავადებები – მ. შტრაიხერი. განსაკუთრებით მოთხოვნადები იყვნენ კბილის ექიმები, და მათ შორის თავად ამილახვარის მიერ მე-19 საუკუნის დამლევს მოწვეული ახალგაზრდა სტომატოლოგი ოტო გოტლიბ ჰაინე. მიხეილის გამზირზე მან დააარსა სტომატოლოგიური სასწავლებელი. მას გამოჰყვნენ ძმები. ერთი მათგანი იყო ღვინის სპეციალისტი და მოღვაწეობდა ალექსანდრე ჭავჭავაძის მარანში. მეორე ძმა ერევანში თერაპევტად მუშაობდა, მესამე კი გინეკოლოგად ბათუმში. ბათუმში მის მიერ აშენებულ სამშობიაროში მოგვიანებით პიონერთა სასახლე იყო განლაგებული.
1941 წელს ჰაინების ოჯახი, სულ 8 სული, ყაზახეთში გადაასახლეს. მისი შვილი დოქტორი გარი ჰაინე მოგვიანებით გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ოტოლარინგოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარე.


დოქტორი გარი ჰაინე
დოქტორი ალექსანდრე ჰაინე, ცნობილი ნევროპათოლოგი, პეტრე სარაჯიშვილის მიერ დაარსებულ ნევროლოგიის ინსტიტუტში ერთ-ერთი განყოფილების გამგე იყო.


ფარმაცევტი ი.ზემელი
 


ზემელი აფთიაქში
საერთოდ ისტორიულმა მეხსიერებამ, მიუხედავად მიზანდასახული დავიწყების პოლიტიკისა, შეინარჩუნა მეტი გერმანელების იმ მოღვაწეობაზე, რომელიც იყო დაკავშირებული მატერიალური ფასეულობების შექმნასთან (არქიტექტურა, მხატვრობა) ან ზუსტ მეცნიერებებთან და ტექნიკასთან (გეოლოგია, სიმენსის ფირმის მოღვაწეობა, მაგნიტური კვლევები). თბილისში მიხეილოვის პროსპექტზე (დღეს – აღმაშენებლის გამზირზე) არსებობდა გერმანელების საავადმყოფო (Германская больница). ამჟამად იქ არის განთავსებული სტომატოლოგიური კლინიკა.

ქართველ მედიკოსებს ახსოვთ ურთიერთობები გამოჩენილ გერმანელ მედიკოსებთან. აქ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ დიდი გერმანელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე , თანამედროვე  პათოლოგიური ანატომიის შემქმნელი რუდოლფ ვირხოვი (Rudolf Virchow, 1821-1902). 1881 წელს რ. ვირხოვმა მიიღო მონაწილეობა არქეოლოგების  V ყრილობის მუშაობაში. წაიკითხა მოხსენება “ტუბერკულოზით დაავადებულთა კლიმატით მკურნალობის შესახებ”. დაათვალიერა ბორჯომი, აბასთუმანი, ზღვისპირეთი და გამოთქვა აზრი მათი საუკეთესო სამკურნაკო თვისებების შესახებ. ინახულა ილია ჭავჭავაძე. ამ უკანასკნემა მას სპეციალური წერილი მიუძღვნა.

დიდი ექიმის ჰუგო ციმზენის (Hugo Ziemsen, 1829-1902) სახელი კარგად იყო ცნობილი საქართველოში. 1894 წელს ჰ. ციმზენი აირჩიეს კავკასიის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრად.

აღსანიშნავია გერმანელი ექიმის ჰერმან ნოტნაგელის (Herman Notnagel, 1841-1905) კავშირები საქართველოსთან. 1900 წელს ის და მისი მასწავლებელი ერნსტ ლაიდენი (Ernst Leiden) ჩამოვიდნენ თბილისში მას შემდეგ, რაც აბასთუმანში გასინჯეს სასიკვდილოდ განწირული გიორგი რომანოვი (იმპერატორ ნიკოლოზ II– ს ძმა, რომელსაც ჰქონდა ფილტვების ტუბერკულიოზი). იგი დაიღუპა აბასთუმანში  უბედური შემთხვევის შედეგად. თბილისში ნოთნაგელმა და ლეიდენმა გასინჯეს ილია ჭავჭავაძე და მიიწვიეს ბერლინში სამკურნალოდ. ილია თავისი პირადი ექიმის ნიკო ჯანდიერის თანხმლებით და დავით სარაჯიშვილის ფინანსური დახმარებით ჩავიდა ბერლინში, სადაც ერთი თვე იმკურნალა ლაიდენის კლინიკაში და პანსიონში. აქ მის ჯანმრთელობას გაუმჯობესება შეეტყო. ნოთნაგელის სახელი არაერთხელ მოჰყავს გამოჩენილ თერაპევტს გივი ბახტაძეს თავის შესანიშნავ დეონტოლოგიურ წიგნში. მას განსაკუთრებით მოსწონდა ნოთნაგელის აზრები ექიმად გახდომის შესახებ. ექიმი ვერ იქნება ბოროტი, შურიანი, ავსიტყვა, ხრიკიანი, ხარბი, მშური, მამათმავალი, დამბეზღებელი, ორპირა, კარიერისტი და სხვა უზნეო თვისებებით შეპყრობილი ადამიანი. ავამყოფის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული მკურნალის მძიმე ხასიათზე მის უზნეობაზე და შეკრულობაზე. ჰერმან ნოთნაგელმა იცხოვრა თავისი საკუთარი აფორიზმით “მხოლოდ კარგი ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ექიმი”.

ქართველი ექიმები კარგად იცნობდნენ თეოდორ ბრუგშის (Theodоr Brugsh, 1878-1963) შემოქმედებას. მას პირადად იცნობდა გამოჩენილი ქართველი თერაპევტი, კარდიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში მიხეილ წინამძღვრიშვილი. იგი თავის დასამახსოვრებელ ლექციებში ხშირად იხსენებდა თეოდორ ბრუგშის ღვაწლს კარლიოლოგიაში და თერაპიაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბრუგშის ურთიერთობა უნიჭიერეს ქართველ მეცნიერ –ბიოქიმიკოს სევერიან ბუაძესთან. ბრუგშის მხარდაჭერით სევერიან ბუაძემ მრავალი ღირსშესანიშნავი შრომა შეასრულა.