გერმანული საწარმოები საქართველოში

ფირმა „სიმენს და ჰალსკე“ უკვე 1860-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა სავაჭრო კანტორას თბილისში. 1858-1868 წლებში ფირმამ მთელ კავკასიაში გაიყვანა სატელეგრაფო კავშირგაბმულობის ქსელი და დაუკავშირა ის მოსკოვს. მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უმაღლეს ტექნიკურ მიღწევად ითვლებოდა ლონდონ-კალკუტას სატელეგრაფო ხაზი, რომლის სიგრძე იყო 10 ათასი კილომეტრი. ამ ხაზის საკვანძო პუნქტი იყო თბილისი, საიდანაც იყო განშტოება ბაღდადზე. ადგილზე მუშაობის მეთვალყურეობისათვის თბილისში ფირმის დამაარსებლის ვერნერ სიმენსის ძმა ვალტერ სიმენსი ჩამოვიდა. იგი იმავდროულად ჩრდილოეთ გერმანიის კონსულის მოვალეობას ასრულებდა. ვალტერ სიმენსი ჯირითისას სასიკვდილოდ დაშავდა, რის შემდეგაც კონსულატის და ფირმის საქმიანობა მისმა უმცროსმა ძმამ ოტომ ითავა. ძმები ვალტერ და ოტო სიმენსები არიან დაკრძალულნი თბილისში, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი საფლავები დაკარგულია.
ასოციაცია „აინუნგის“ მონაწილეობით 1998 წლის 25 ოქტომბერს დაიდგა მემორიალური დაფა ლადო ასათიანის # 30-ში, იმ სახლთან, რომელშიც ცხოვრობდა ვალტერ სიმენსი. ეს მიეძღვნა მისი გარდაცვალების 130 წლისთავს.

ვალტერ სიმენსის მემორიალური დაფის გახსნა (მოქანდაქე ლევან ვარდოსანიძე)
თვით ფირმის დამაარსებელმა ვერნერ ფონ სიმენსმა 1890 წელს თავის ცოლთან ერთად მესამედ და უკანასკნელად იმოგზაურა საქართველოში, რომლის მიმართ მას გაუჩნდა განსაკუთრებული შინაგანი ღრმა სიმპათია.

ამიერკავკასიაში ფირმა „სიმენს“-ს ჯერ კიდევ სატელეგრაფო ხაზების გაყვანამდე იცნობდნენ. ქედას მთაზე სპილენძის მადნისა და დაშკესანში კობალტის მაღაროს შესყიდვის შემდეგ, სიმენსების ინტერესმა კავკასიაში ელექტროინდუსტრიიდან ლითონგადამამუშავებელ მრეწველობაზე გადაინაცვლა. 1891 წელს ფირმა კავკასიაში მოპოვებული სპილენძის 84% აწარმოებდა. მისი მომდევნო გადამუშავებისათვის თანამედროვე სადნობ ღუმელებს იყენებდნენ.

მადნეულისა და ნავთობის ტრანსპორტირება სხვა საშუალებებთან ერთად რკინიგზით და მილგაყვანილობით ხდებოდა. მილები ფირმა მანესმანს ეკუთვნოდა და მსოფლიოში საუკეთესო იყო, რადგანაც პირველად იძლეოდა რთულ გეოგრაფიულ პირობებში თხევადი საწვავის ტრანსპორტირების საშუალებას. ნავთობგაყვანილობა ბაქოსა და ფოთს შორის იყო მსოფლიოში უდიდესი.

ფირმა „კრუპმა“ დაიწყო ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება. იგი აუცილებელი იყო ხარისხიანი ფოლადის წარმოებისათვის. გერმანიის სამთო მრეწველობა ამ მეტალის იმპორტზე იყო დამოკიდებული.

ბოლნისის რაიონში რკინის საბადოების თანამფლობელი იყო „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი“ იულიუს ვიტე. მისი შვილი სერგეი ვიტე (შემდგომში გრაფ სერგეი ვიტე) დაიბადა თბილისში. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი. შემდგომში გახდა რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსთა მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

მდიდარ კოლონისტებს მიეკუთვნებოდა კურტ ფონ კუჩენბახი. მას შვეიცარიაში ყველის წარმოება ჰქონდა შესწავლილი და შვეიცარიული ყველი პოპულარული გახადა ამიერკავკასიაში. მისი ჩანაწერებიდან: „მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი სამხრეთ ამერიკაში – ბრაზილიაში, არგენტინაში ან ავსტრალიაში გადასახლება, როდესაც ერთ სკოლის მეგობრისაგან, ვერნერ ფონ სიმენსისაგან მივიღე წერილი. იგი იტყობინებოდა, რომ კავკასიაში მეტალურგიული ქარხნის დაარსება სურდა. ამასთანავე ჩემი შეკითხვის პასუხად მწერდა, რომ იქ არაჩვეულებრივი მთის საძოვრები არის და მთავაზობდა კავკასიაში გავყოლოდი“. კუჩენბახი ყველის ექსპორტს გერმანიაშიც კი აწარმოებდა. 1906 წელს კუჩენბახმა გაზეთი „კაუკაზისშე პოსტი“ დააარსა.